სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იმყოფება, რადგან რუსეთის რეჟიმს ნაკლებად აინტერესებს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები.
ამის შესახებ განცხადება სანაკოევმა დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ოსები ხშირად მიმართავენ მის ადმინისტრაციას სამედიცინო დახმარების თხოვნით, რადგან ადგილზე სამკურნალო ობიექტები ფაქტიურად არც არსებობს.
სანაკოევის განცხადებით, ახალგორში დარჩენილი პედაგოგები და მოსწავლეები დღემდე ხელფასებსა და სახელმძღვანელოებს თბილისიდან ღებულობენ, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, მისი ადმინისტრაცია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს ცხინვალის რეგიონის ნებისმიერ წარმომადგენელს, სამედიცინო მკურნალობის თვალსაზრისით.
სანაკოევის ინფორმაციით, `ღორის გრიპის,, პრობლემებთან დაკავშირებით კოკოითის რეჟიმს რეგიონისათვის 9 მილიონი რუბლი აქვს გამოყოფილი, თუმცა სხვა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით სანაკოევს არ გააჩნია.