უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ღამით რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად უკრაინაში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 100 დაშავდა.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ კიევში დაზიანდა ან განადგურდა დაახლოებით 30 საცხოვრებელი სახლი.
„მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამსახურს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ ღამით განხორციელებული რუსული დარტყმების ადგილებზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქვედანაყოფები, ეროვნული პოლიცია, კომუნალური სამსახურები. ყველა მოქმედებს მაქსიმალურად ეფექტიანად, შეტევის მასშტაბისა და მისი შედეგების გათვალისწინებით: ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიდევ ოთხი, სამწუხაროდ, დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მხოლოდ კიევში დაახლოებით 30 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ან განადგურდა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევში დეგტიარევსკაიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული რუსული დარტყმის შედეგად შენობის სადარბაზოს ნაწილი - 1-5 სართული მთლიანად განადგურდა და ამ დროისთვის ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
არსებული მონაცემებით, ამ ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაკარგულად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ 24 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, გამოყენებული იყო 90 რაკეტა და 600 დრონი, მათ შორის „ორეშნიკის“ ტიპის იარაღიც.
კიევში ამ დროისთვის ცნობილია 2 დაღუპულისა და 77 დაშავებულის შესახებ.