ნატოს გენერალურ მდივან ანდრეს ფოგ რასმუსენს უკვირს, "უზარმაზარ რუსეთს პატარა საქართველო როგორ აშინებს".
აღნიშნული განცხადება რასმუსენმა რუსეთში ვიზიტის პირველი დღის ბოლოს, რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში სტუმრობისას მას შემდეგ განაცხადა, რაც შეკითხვა საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ რევანშის სამზადისთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუსვეს.
"ამ საკითხზე ჩემი აზრი ასეთია: უზარმაზარი რუსეთის ფედერაცია არ უნდა იყოს შეშინებული პატარა საქართველოს გამო. მოვუწოდებ რუსეთს ჰქონდეს მშვიდობიანი დამოკიდებულება ყველა მის მეზობელ სახელმწიფოსთან", - განაცხადა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ რასმუსენი მოსკოვს გუშინ ეწვია. ის რუსეთში ვიზიტს დღეს დაასრულებს.