ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან საჯარისო ნაწილების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
როგორც რასმუსენმა რუსეთში ვიზიტის პირველი დღის ბოლოს, რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა, მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სრულად ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.
"რუსეთსა და ნატოს შორის კვლავ რჩება შეუთანხმებელი საკითხები. საქართველო იყო მედვედევთან შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ჩვენ კვლავ გვაქვს შეუთანხმებლობა საქართველოს საკითხზე. პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ვთხოვთ რუსეთს დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი მოკავშირეების საკითხი", - განაცხადა რასმუსენმა, თუმცა ისიც დასძინა, რომ ამ საკითხზე უთანხმოებამ ნატო-რუსეთის ურთიერთობების პარალიზება არ უნდა მოახდინოს.
რაც შეეხება მედვედევის მიერ ევროპისთვის შეთავაზებულ უსაფრთხოების ახალ კონცეფციას, რასმუსენმა განაცხადა, რომ ევროპას უკვე აქვს უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, რომელთაგან უმთავრესი სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა.
"რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია, რისი მაგალითიც საქართველოა", - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.
გარდა ამისა, რასმუსენმა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება კვლავ ძალაში რჩება.
შეგახსენებთ, რომ რასმუსენი მოსკოვს გუშინ ეწვია. ის რუსეთში ვიზიტს დღეს დაასრულებს.