ოპოზიციური "რვიანის" დანარჩენი ექვსეულისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წინადადებები მიუღებელია. "ეროვნული ფორუმის", "თავისუფალი დემოკრატების", "კონსერვატიული პარტიის", "რესპუბლიკური პარტიის", "საქართველოს გზის" და "ხალხის პარტიის" სახელით საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ ირაკლი ალასანიამ გააკეთა.
"ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი "ან დაგვეთანხმეთ, ან ჩვენ ჩვენსას მაინც გავიტანთ". საარჩევნო გარემოს ცვლილებას უნდა დაეფუძნოს დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორება და არა არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისთვის ფულის შეთავაზება. ასეთ გარიგებაში მონაწილეობა ვერ ჩაითვლება ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის შეთანხმებად", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ექვსეულისთვის მიუღებელია ისიც, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილების მისაღებად მათ ულტიმატუმი წაუყენა.
„ხანგრძლივი დუმილის, ოპოზიციასთან შეჩერებული მოლაპარაკებების შემდგომ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა 24 ივნისს, საღამოს პოლიტიკური "რვიანის" ერთ-ერთ წევრს წარუდგინეს საკუთარი წინადადებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ეს წინადადებები არ ექვემდებარება შეცვლას და პასუხი მათზე დღესვე უნდა გაიცეს.
ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯით კვლავ აირჩია ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობის, შანტაჟის ენა და, ფაქტობრივად, უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე", - განმარტა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ „რვიანი" დაიშალა. მასში შემავალმა ორმა პოლიტიკურმა ძალამ - „ახლებმა" და „ქრისტიან დემოკრატებმა" ხელისუფლების წინადადებები მიიღეს, რასაც ხელმოწერით დღესვე, 18:00 საათამდე დაამტკიცებენ.