საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, "ქრისტიან-დემოკრატებს" მონოპოლიებთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები აქვთ, ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა გიორგი თარგამაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
"მინდა ვთქვა, რომ არასწორი წარმოდგენები აქვს ბატონ გიორგის მონოპოლიებთან დაკავშირებით და ის თუ როგორ არის ბაზარზე ეს საკითხი დარეგულირებული და როგორ ხდება მონოპოლიების დროს. არავის არასდროს არ შევზღუდავთ შექმნას სასაკლაოები, საწარმოები და მოახდინოს ხორცის მიწოდება და დისტრიბუცია", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ხორცის ფასის საკითხში მინისტრი ხელოვნურად ვერ ჩაერევა, რადგან ეს არ არის საბჭოთა ეპოქა, როდესაც მინისტრები ყველა მაღაზიაში პირადად აწესებდნენ პროდუქტზე ფასებს.
"ხორცი მაშინ იქნება იაფი, თუ მისი მოწოდება გაიზრდება. ვერც ერთი მინისტრი ვერ დაადგენს ხორცის ფასს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც კარგად გესმით სურსათის უვნებლობის კუთხით განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო და ხელის შეწყობა, რომ შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო, რის შემდეგაც ფასები დარეგულირდება", - მიმართა "ქრისტიან-დემოკრატებს" უმრავლესობის წევრმა.
გარდა ამისა, კუბლაშვილი ლონდონში და აზერბაიჯანში ხორცის ფასებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ მეზობელი ქვეყნების საბაზრო ფასები უფრო მეტ გავლენას ახდენს ადგილობრივ ფასებზე, ვიდრე ლონდონის.
"ამას აგიხსნით ნებისმიერი ეკონომიკის ექსპერტი მცირე ეკონომიკური განათლებით. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ვიდრე მონოპოლიებზე ისაუბროთ იქნება შევთანხმდეთ, რომ ფასი ამ ქვეყანაში უნდა დააგინოს ბაზარმა და არ უნდა იყოს ხელისშემშლელი პირობების არც ერთი საწარმოსთვის. ასეთი დროს კი, რომელიმე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა არასწორია", - მიაჩნია კუბლაშვილს.