საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოშია. მიხეილ სააკაშვილი სალხინოს სასახლეში გუბერნატორებს ხვდება.
შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროქტები იქნება განხილული, თუმცა იქამდე ქვეყნის პირველი პირი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალით დაინტერესდა.
„სტიქიის შედეგად სამი რაიონი დაზარალდა. ესენია: დუშეთი, მცხეთა და თიანეთი. წაღებულია წყლის რამდენიმე სათავე ნაგებობა, გზები, ხიდები. მთავრობის მიერ გამოყოფილია თანხები და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იქნება აღდგენილი ის ინფრასტრუქტურა, რაც სტიქიის შედეგად დაზიანდა", - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც, რომლის თქმითაც, მთავრობამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად 900 ათასი ლარი გამოყო.
„ძირითადად დაზიანებულია ხიდები - საქართველოს მასშტაბით 9 ხიდი. მათი აღდგენა დაიწყო. ბურჯები უკვე ამოყვანილია", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
ქვეყნის პირველი პირი სტიქიის შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და ნათესების დაზიანების ხარისხითაც დაინტერესდა, რის თაობაზედაც მან ინფორმაცია კახეთის გუბერნატორისგან მიიღო.
„ერთი თვის წინ მოსულმა სეტყვამ დაახლოებით 2 ათასამდე ჰექტარი ვენახი, ნათესები და ხეხილი დააზიანა, რამდენიმე დღის წინანდელმა ძლიერმა წვიმებმა კი ნათესები დატბორა და ძირითადად ინფრასტრუქტურა დაგვიზიანა. ზიანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გვექნება", - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
სააკაშვილი წეროვანის დასახლებაში წყალდიდობის შედეგად შექმნილი პრობლემითაც დაინტერესდა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს დაავალა, დროულად მოგვარდეს ის პრობლემა, რომ „დასახლებულ პუნქტებს შორის მდინარე არ მიედინებოდეს".
ჩოჩელმა წეროვნის დასახლების ხშირი დატბორვა სწორედ იმით ახსნა, რომ წეროვანში არსებული მდინარე წვიმების დროს კალაპოტიდან გადმოდის.