ვაზიანში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებული ძალების პირველი საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილზე სიტყვით გამოსვლისას იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არის ჩართული საქართველო ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში.
"მთავარი მომენტია ის, თუ რატომ არის საქართველო ავღანეთში. როდესაც ჩვენ მოკავშირეები, ამ შემთხვევაში ამერიკა და ნატო, გადართულნი არიან რაღაც სხვა საკითხებზე, ჩვენი მტერი აქტიურდება და თავხედდება. ამიტომ რაც უფრო ჩქარა გადაწყდება საკითხი ავღანეთში და დამშვიდდება ეს რეგიონი, რაც უფრო უმტკივნეულოდ დამთავრდება ომი ერაყში. რაც უფრო თავისუფალი ექნება თავისუფალ სამყაროს ხელები, იმისათვის რომ დაიცვას თავისი და თავისი მოკავშირეების ინტერესები, მით უფრო დაცული და დამშვიდებული იქნება საქართველო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რეალურად საქართველო თავისი საქმისთვის იბრძვის.
"ეს არის სარისკო ოპერაცია, მაგრამ აქ წარმოდგენილია ხალხი, ვისაც რისკის არ ეშინია, ვინც კარგად იცის რაზე მიდის. უნდა გვქონდეს ახალი იარაღი და უნდა განვავითაროთ ჩვენი აღჭურვა, მაგრამ საუკეთესო აღჭურვის პირობებშიც კი მოუმზადებელი ოფიცერი და ჯარისკაცი ვერ იბრძოლებს. ხოლო თუ ოფიცერი და ჯარისკაცი მომზადებულია, იგი ყველანაირი იარაღით იბრძოლებს", - განაცხადა სააკაშვილმა.