მოლოდინი ჩვენი მხრიდან არის იგივე, რაც აქამდე იყო, რაც პრაქტიკამაც აჩვენა, რაც განმეორდა მათ შორის გუშინაც „ლელოს“ თუ „გახარიელი ნაცების“ მხრიდან, თითქოს არასდროს მოუთხოვიათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ამავდროულად, წინა მოწვევის პარლამენტში მათ რეზოლუცია დააინიცირეს, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, არსებობს ამის შესახებ ბერდია სიჭინავას ინტერვიუც , – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში ყოფნის გამართლება თვითმმართველობის გადარჩენის მიზეზით, მხოლოდ „გახარიელ ნაცს“ შეუძლია.
„ბერდია სიჭინავა რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობდა, როდესაც ვითომ შუამავლობას აყენებდა ან რაიმე სათქმელი ჰქონდა მოსამართლისათვის. რეალურად, ამბობდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, პროკურატურაში მუშაობდა, მას ქალბატონი ნორა კვიციანის დაზარალებულად ცნობის შესაბამის დადგენილებაზეც აქვს ხელი მოწერილი და ძალიან კარგად იცის, რანი არიან „ნაცმოძრაობის“ წევრები. ამ „ნაცმოძრაობასთან“ მათ კავშირი ჰქონდათ შეკრული 2021-2025 წლებში. ახლაც იმავეს აგრძელებენ და ამ ყველაფერს ამართლებენ იმით, თითქოს თვითმმართველობა გადაარჩინეს ოთხ მუნიციპალიტეტში. „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში ყოფნას რომ თვითმმართველობის გადარჩენით გაამართლებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ „გახარიელ ნაცს“ შეუძლია, რომ წარმოთქვას. რაც შეეხება ჩვენს კითხვებს, ჩვენი სარჩელი და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტია, რომ პარტიები შესაბამისად აიკრძალონ. რაც შეეხება კითხვებს, ამას უკვე საზოგადოება იხილავს. რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვების რაოდენობა არ იქნება იმდენი, რადგან ჩვენ ბევრი შეკითხვა ამ საკითხებთან დაკავშირებით არ გვაქვს, არც საზოგადოებას არ აქვს. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს“. – განაცხადა გორდულაძემ.