ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კოსოვოს სერბეთიდან გამოყოფის კანონიერებასთან დაკავშირებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
როგორც ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ნაკლებსავარაუდოა, სასამართლომ კოსოვოს სერბეთიდან გამოყოფა ცალსახად არაკანონიერად ცნოს, რადგან ევროკავშირის ქვეყნების დიდმა ნაწილმა კოსოვოს დამოუკიდებლობა უკვე აღიარა.
ზაქარეიშვილის განცხადებით, შუალედური გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც კი, ჰააგის სასამართლოს განაჩენი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში დიდი მხარდაჭერა იქნება.
"ის, რომ ჰააგის სასამართლოში დაიწყო ამ საკითხის განხილვა, თავისთავად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სასამართლო არ გააუქმებს კოსოვოს სერბეთიდან გამოყოფის საკითხს, მაგრამ, ჩემი აზრით, შუალედურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს სერიოზული მხარდაჭერა იქნება საქართველოსთვის, თუმცა რუსეთის პოზიციებზე ეს მყისიერ ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჰააგის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი ეს იქნება დიდი მხარდაჭერა ჩვენი მომავალი ბროძლისთვის", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ საქმის მოსმენა დაიწყო, რომელიც კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებისა და სერბეთიდან მისი გამოყოფის კანონიერების საკითხის დადგენას ეხება. მსგავსი პროცესი, ანუ _ შეესაბამება თუ არა ქვეყნის ტერიტორიას გამოყოფა საერთაშორისო კანონმდებლობას _ პირველად განიხილება გაეროს უმაღლეს სასამართლოში.
მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა უკვე 63-მა ქვეყანამ აღიარა, სერბეთმა ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა და საქმე სასამართლოს გადასცა.
ამ საქმესთან დაკავშირებულ ვერდიქტს, რომელიც კანონის მიხედვით, შესასრულებლად სავალდებულო არ იქნება, სავარაუდოდ, რამდენიმე თქვეში გამოიტანენ. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებული მოსმენა დღეს დაიწყო და 11 დეკემბრამდე გასტანს.