საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ყოფილ მეუღლესთან სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა, რის ნიადაგზეც მისი შეკვეთით მკვლელობა გადაწყვიტა. ამ მიზნით 2026 წლის ოქტომბერში ბრალდებულმა თავის ნაცნობს მკვლელობის ამსრულებელი მოეძებნა სთხოვა, რომელსაც მკვლელობის შემდეგ 25 000 აშშ დოლარს გადასცემდა. ასევე შეატყობინა, რომ მკვლელობა ხელსაყრელი იყო ახლო მომავალში, რადგან მათი საერთო სამი არასრულწლოვანი შვილი, დროებით მასთან იმყოფებოდნენ და ისინი დედის მკვლელობას ვერ შეესწრებოდნენ.
2026 წლის 16 ნოემბერს, სამართალდამცავებმა მკვლელობის მომზადება აღკვეთეს და მკვლელობის შემკვეთი დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 18-109-ე მუხლის ,,თ”, „კ“ და „ნ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მომზადება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, შეკვეთით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.