აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსული დიზელის საწვავის შეერთებულ შტატებში მიწოდებაზე შეთანხმების გაფორმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ცალმხრივად შეწყვეტაზე უარი თქვა.
ამის შესახებ Axios ინფორმირებულ მაღალჩინოსან ამერიკელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე დარტყმების შეწყვეტის თაობაზე ექვსზე მეტი თხოვნა უგულებელყო.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ზელენსკი ტრამპსა და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ეუბნებოდა, რომ მზად იყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეეწყვიტა, თუ რუსეთი უკრაინის ელექტროსადგურებზე დარტყმებს შეწყვეტდა.
თუმცა, წყაროს თქმით, ტრამპს სურდა, უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები ცალმხრივად შეეწყვიტა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე თავდასხმებს უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის დარტყმების თანაზომიერად არ მიიჩნევდა.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები რუსეთს ზიანს აყენებს, თუმცა აშშ-საც სერიოზული ზარალი ადგება.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ზელენსკი სიტუაციას არასწორად აფასებს.
„რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებით ის ანგრევს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რომელიც ტრამპთან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩამოაყალიბა“, - განაცხადა მან.
გამოცემის ინფორმაციით, მაიამიში გამართული რვასაათიანი მოლაპარაკებების დროს ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინის დელეგაციას აცნობეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს გაესაუბრებოდა და რუსული დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს გააუქმებდა.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინას ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრნენ, თუ დარტყმები გაგრძელდებოდა.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი მუქარა არ ყოფილა. მისი თქმით, აშშ საიმედო პარტნიორია, რომელიც უკრაინას საბრძოლო მასალებითა და სადაზვერვო ინფორმაციით ამარაგებს.
გარდა ამისა, უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინის დელეგაციასა და ევროპელ წარმომადგენლებს რუსეთთან შესაძლო ენერგეტიკული შეთანხმებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმებები რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში დათმობებისკენ უბიძგებს.
„პუტინი ძლიერ დარტყმებს ახორციელებს [უკრაინაზე], თუმცა მიგვაჩნია, რომ ის მზად არის, ომის დასრულების საკითხი განიხილოს. გვინდა, შევიმუშაოთ ახალი წინადადება, რომელიც მისთვის იმდენად მისაღები იქნება, რომ ომის შეჩერებას აიძულებს“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ - 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას.