აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. ინფორმაციას ავრცელებენ Reuters და Associated Press.
„პრეზიდენტი ტრამპი არასდროს დაუშვებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელებს ბრალი წაუყენოს. სწორედ ამიტომ აწესებს დღეს აშშ სანქციებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი სასამართლოსთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს აკრძალავს, რათა მას რესურსები შეუზღუდოს და მუშაობის შესაძლებლობა შეუმციროს. აშშ-ის ადმინისტრაცია სასამართლოს პოლიტიზებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის ამერიკელებისა და ისრაელის მოქალაქეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ცდილობს.
სანქციები ითვალისწინებს სასამართლოს აქტივების დაბლოკვას აშშ-ის იურისდიქციაში და ამერიკული კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის სასამართლოსთან საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტის ექვსთვიან ვადას. ამასთან, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გარკვეული ოპერაციებისთვის გამონაკლისებიც დაუშვა, მათ შორის სასამართლოს პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ტელეკომუნიკაციებსა და საპენსიო გადახდებთან დაკავშირებული ტრანზაქციებისთვის.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სანქციები მართლმსაჯულების ხელშეშლასა და საერთაშორისო სამართლის საფუძვლების შერყევას ისახავს მიზნად. სასამართლოს პრეზიდენტმა ტომოკო აკანემ განაცხადა, რომ ინსტიტუტი თავის მანდატს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად შეასრულებს, წევრ სახელმწიფოებს კი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
აშშ-ის გადაწყვეტილება უკავშირდება ვაშინგტონის უკმაყოფილებას სასამართლოს საქმიანობით, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერებით. სასამართლო ასევე იძიებდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების შესაძლო დანაშაულებს, თუმცა ეს გამოძიება უკვე დახურულია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებისგანაც ელის სასამართლოზე ზეწოლის გაძლიერებას. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომ ბერენდსენმა კი სანქციების გამოცხადებას „ღრმად სამწუხარო ნაბიჯი“ უწოდა.