უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან რუსეთის თავდასხმებისგან დაცვის გაძლიერების, რუსეთის სამხედრო მანქანისთვის ფინანსური ნაკადების შეზღუდვისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჩამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიების გაცემის დაჩქარების საკითხები განიხილა.
ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.
ამერიკულ დელეგაციას სენატორები როჯერ უიკერი, კევინ კრამერი, მარკ ვისი და დენ კრენშოუ წარმოადგენდნენ.
ზელენსკის განცხადებით, შეხვედრა კიევში იმ დროს გაიმართა, როდესაც რუსული რეაქტიული ტიპის „შაჰედის“ დრონების საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
მისი თქმით, მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისიდან რუსულმა დრონებმა დედაქალაქში ორი სკოლა დააზიანეს. გარდა ამისა, დარტყმები განხორციელდა ხიდებზე, ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
„ამ ტერორისგან თავის დაცვა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. განვიხილეთ, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დახმარება. რა თქმა უნდა, ველით, რომ ლინდსი გრემის კანონპროექტი ამოქმედდება. ეს პოლიტიკური ნების საკითხია და ახლა მნიშვნელოვანია ლიდერობის გამოვლენა და რუსეთის სამხედრო მანქანისთვის ფინანსური ნაკადების სრულად შეზღუდვა“, - დაწერა ზელენსკიმ.
მხარეებმა ასევე განიხილეს Patriot-ის სისტემებისთვის ჩამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიების დაჩქარება.
„უკრაინა მზად არის, არა მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის აწარმოოს ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემები, არამედ ერთობლივი წარმოების გზით გააძლიეროს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეებიც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.