რუსეთის ქალაქ სოჭის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, 6 ოქტომბერს საღამოს ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაღებულ კადრებში ზღვაში დიდი ცეცხლი და მაღლა აზიდული სქელი, შავი კვამლის სვეტი ჩანს.
მედიის ცნობით, ხანძარი სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შეინიშნება და მისი დანახვა სოჭის სანაპიროს სხვადასხვა მონაკვეთიდან არის შესაძლებელი.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი, შესაძლოა, ტანკერს ან სხვა სატვირთო გემს უკიდია, თუმცა გემის ტიპი და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ასევე არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ადგილობრივი მედიასაშუალებები შემთხვევის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებენ და ამ დროისთვის ოფიციალური უწყებებისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან.