ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართება, ერთმანეთს პრეზიდენტობისთვის სენატორი ფლავიო ბოლსონარუ და მოქმედი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა დაუპირისპირდებიან.
როგორც Associated Press წერს, ბრაზილიელი ამომრჩევლები ახალ პრეზიდენტს მზარდი ძალადობისა და ქვეყნის საქმეებში აშშ-ის შესაძლო ჩარევის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე აირჩევენ.
მემარცხენე „მშრომელთა პარტიის“ ლიდერი ლულა მეოთხე საპრეზიდენტო ვადის მოპოვებას ცდილობს. მისი ხელისუფლება კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებულ დანაშაულსა და პოლიციის მოქმედებებზე რეაგირების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა.
მისი მეტოქე, სენატორი ფლავიო ბოლსონარუ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა. იგი დანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას უჭერს მხარს და პირობა დადო, რომ მისი მამა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, ციხიდან გათავისუფლდება. ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 27 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ლულა ეკონომიკური ზრდის სახელმწიფო მართვის პოლიტიკის გაგრძელებასა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვას ემხრობა. ფლავიო ბოლსონარუ კი მკაცრი სამართალდამცავი პოლიტიკის გატარებასა და მამის გათავისუფლებას უჭერს მხარს.
ბრაზილიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 98.69%-ის დათვლის შემდეგ ფლავიო ბოლსონარუს - 47.26%, ხოლო ლულა და სილვას 44.89% აქვს.