აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისმა უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა, რუს ბიზნესმენ უმარ კრემლიოვს თანხა დაუბრუნა, რომელმაც მისი ქორწილის შემდგომი სადღესასწაულო ღონისძიებების ნაწილი დააფინანსა.
„როგორც მესმის, მან თანხა დაუბრუნა“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
Reuters-ის ინფორმაციით, კრემლიოვმა ტრამპ უმცროსისა და ბეტინა ანდერსონის მაისში, ბაჰამის კუნძულებზე გამართული ქორწილის გარშემო ღონისძიებებისთვის ასობით ათასი დოლარი გადაიხადა. მათ შორის იყო კერძო კუნძულის ქირა და ფოიერვერკის მოწყობა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა შვილმა მას შემდეგ უთხრა, რაც ამის შესახებ შეიტყო: „ფულს დავუბრუნებ, მამა“.
ტრამპმა ასევე დაიცვა შვილის მიერ კრემლიოვისგან მიღებული საჩუქარი და განაცხადა, რომ ასეთი რამ ნებადართულია.
კრემლიოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენია და კრივის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელია. არსებული ინფორმაციით, ტრამპ უმცროსის ქორწილის ღონისძიებების დასაფინანსებლად ასობით ათასი დოლარი დახარჯა.
ტრამპ უმცროსმა და მისმა მეუღლემ კრემლიოვის მიერ ხარჯების დაფარვა დაადასტურეს და მას „გულუხვი საქორწილო საჩუქარი“ უწოდეს. მათ განაცხადეს, რომ კრემლიოვთან მეგობრობას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონდა.