პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ვარშავა ელოდება, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინასთან პოლონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტებზე იერიში მიიტანოს. .
მისი თქმით, რუსეთმა უკვე განახორციელა „პროვოკაციული თავდასხმები სასაზღვრო პუნქტებზე, მაგალითად, მოლდოვაში“.
„ჩვენ ველოდებით მსგავს ქმედებებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, უკრაინასთან დამაკავშირებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ტუსკის თქმით, მან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან (CIA) მიიღო „საკმაოდ ზუსტი ანგარიში“ უახლოეს თვეებში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ.
„ეს ანგარიში ემთხვევა იმას, რაზეც მე რამდენიმე თვის განმავლობაში ვსაუბრობდი და რაზეც ვაფრთხილებდი.
ჩვენ სხვადასხვა სცენარი უნდა გავითვალისწინოთ. პოლონეთი და მთელი ევროპა მზად უნდა იყვნენ მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტისთვის - არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, არამედ ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზეც“, - თქვა ტუსკმა.