„ქართული ეროვნული ლეგიონის“ წევრები სამხედრო დამნაშავეები არიან და მათ თავიანთი უკანონო ქმედებებისთვის პასუხისგება მოუწევთ, – ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-სთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა საერთაშორისო დანაყოფ „გეორგიევსკის“ მეთაურმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ განაცხადა.
„მათ მიმართ დამოკიდებულება ცალსახაა - ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთი ქმედებებისთვის და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან“, - განაცხადა მან უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე..
შეგახენებთ, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა.
როგორც რომანოვ-ფარცხალაძემ განმარტა, ქვედანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისი თქმით, „უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.
მისივე განცხადებით, ქვედანაყოფის მთავარი ამოცანაა „ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა იმ ბოროტებასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს“.
რომანოვ-ფარცხალაძემ აღნიშნა, რომ მან რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა ნებაყოფლობით გადაწყვიტა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან ის თავის გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებსა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის, კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების მოსახლეობას.