პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების ვითარებასა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.
ამის შესახებ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, საუბრისას რუტემ მას რეგიონში და რუსეთ-უკრაინის ომში არსებულ ვითარებაზე თავისი შეფასებები გაუზიარა.
„მარკ რუტემ ახლახან გამიზიარა თავისი შეფასებები რეგიონში და უკრაინა-რუსეთის ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც ვაფრთხილებდი, რუსეთის მხრიდან ესკალაცია გრძელდება. უკრაინას საჰაერო სივრცის დაცვაში მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს მთელი ევროპის ამოცანაა.
მომდევნო ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება. ჩვენ, პოლონეთი და ნატო, სხვადასხვა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. არ შეიძლება გამოირიცხოს რუსეთის მხრიდან ნატო-ს რომელიმე წევრის წინააღმდეგ პროვოკაციების შესაძლებლობა“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
შეგახსენებთმ მანამდე ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ესკალაციისთვის მზადების ნიშნები შეინიშნება და გამოთქვა ვარაუდი, რომ მომდევნო შვიდი-რვა თვე შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს უკრაინის, პოლონეთისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის.