აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან ნავთობის საკითხზე „მსოფლიოს ისტორიაში უდიდეს შეთანხმებას“ მიაღწია. მისი თქმით, შეთანხმების შედეგად აშშ ვენესუელის 65 მილიარდზე მეტი ბარელი ნავთობის დადასტურებულ მარაგებში საკონტროლო წილს მიიღებს.
ტრამპის განცხადებით, შეთანხმება სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ომის მსივანმა პიტ ჰეგსეთმა, ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მისი დავალებით უზრუნველყვეს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან ახლახან მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეთანხმებას მიაღწია ნავთობთან დაკავშირებით!
ჩემი დავალებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კერძო ბიზნესთან პარტნიორობით, უზრუნველყვეს, რომ აშშ-ს ვენესუელაში 65 მილიარდზე მეტი ბარელი დადასტურებული ნავთობის მარაგის საკონტროლო წილი ჰქონდეს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის რაიმე ხარჯის გარეშე,“- განაცხადა ტრამპმა.
CBS News-ის ინფორმაციით, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ახლად შექმნილ კერძო ერთობლივ საწარმოს ნავთობის საბადოების დამუშავების 100-წლიანი კონცესია გადასცა. ამ საბადოებზე ნავთობის მარაგები დაახლოებით 63 მილიარდ ბარელად არის შეფასებული.
შეთანხმების მიხედვით, აშშ-ის მთავრობა ერთობლივ საწარმოში 55%-იან წილს მიიღებს. ეს მოიცავს როგორც კომპანიის კაპიტალში მონაწილეობას, ასევე უფლებას, ნავთობი თვითღირებულების ფასად მიიღოს.
ტრამპის თქმით, შეთანხმების განხორციელება ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს დამატებით ხარჯებს არ დააკისრებს.