22 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფი დააწესა. კანადამ განაცხადა, რომ ანალოგიურად უპასუხებს.
ამის შესახებ Associated Press იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი ტარიფები კანადის აშშ-ში წლიური ექსპორტის დაახლოებით 5%-ს მოიცავს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომბიზნესის დასაცავად, კანადა საპასუხო ტარიფებს დააწესებს.
მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა კანადელი მუშებისა და ბიზნესებისთვის დამატებით მხარდაჭერას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
ახალი ტარიფების შემოღება მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონისა და ოტავას სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკების ბოლო მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
მოლაპარაკებები ორ ტრადიციულ მოკავშირეს შორის დაძაბულობის შემცირებას ისახავდა მიზნად.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, კანადა შეერთებული შტატებისგან ფოლადის, ალუმინის, ავტომობილებისა და ხე-ტყის ტარიფებთან დაკავშირებით დათმობებს ითხოვდა, თუმცა ვაშინგტონმა უარი თქვა მათ შეთავაზებაზე.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გირმა განაცხადა, რომ კანადამ უარი თქვა ამ კვირის დასაწყისში შეთანხმებული პირობებით შეთანხმების დადებაზე.
კარნიმ, თავის მხრივ, მოლაპარაკებების წარუმატებლობაში ვაშინგტონი დაადანაშაულა.
მან თქვა, რომ აშშ-ს მიერ ბოლო წუთს განხორციელებული ცვლილებები უსამართლო, ეკონომიკურად არახელსაყრელი იყო და ეჭვქვეშ აყენებდა ნებისმიერი მომავალი შეთანხმების სანდოობას.
კანადის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები შეაჩერა და კანადის დელეგაციას ოტავაში დაბრუნება დაავალა. ამჟამად ახალი მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის.