უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან თითქმის ორსაათიანი საუბარი გამართა, რომლის დროსაც უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე ისაუბრეს.
ამის შეახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, საუბარი „ძალიან კარგი“ იყო, თითქმის ორი საათი გაგრძელდა და ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, უპირველესად კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას.
„ძალიან ვაფასებთ იმას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მზად არის, დაგვეხმაროს სხვა პარტნიორებთან კომუნიკაციაში, რომლებსაც Patriot-სთვის“ საჭირო რაკეტები აქვთ.
ასევე განვიხილეთ საფრანგეთის შესაძლებლობები საჰაერო თავდაცვის სფეროში. ემანუელს დარტყმების შესახებ არსებული ვითარება გავაცანი. მადლიერი ვარ დაღუპულთა გამო გამოთქმული სამძიმრისთვის. შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა მაკრონს რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების გაცემის მზადყოფნის დადასტურებისთვის.
გარდა ამისა, პრეზიდენტებმა პარტნიორებთან მიმდინარე დიპლომატიური მუშაობის მიმდინარეობა და აშშ-ის პრეზიდენტის გუნდთან თანამშრომლობა განიხილეს. ისინი იმ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რომლებმაც შესაძლოა „დამატებითი დიპლომატიური შესაძლებლობები გახსნას“.
„ასევე განვიხილეთ თავდაცვის დასაფინანსებლად საჭირო თანხების საკითხი მიმდინარე და მომავალი წლისთვის. განვსაზღვრეთ თავდაცვის სფეროში არსებული ის შეთანხმებები, რომელთა განხორციელების დაჩქარებაა საჭირო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.