რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვi გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთისპრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემის განცახდებას, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 100%-ით უჭერს მხარს.
„იცით, მეცოდება დიდი ბრიტანეთი, თუ ის ბოლომდე უკრაინის გვერდით იქნება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ვესტისთან“ ინტერვიუში.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია ბრიტანეთის სარაკეტო ძალების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებში პირდაპირი მონაწილეობა ომში მონაწილეობად განიხილოს, რასაც, მისი თქმით, შესაბამისი შედეგები მოჰყვება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა „გააფრთხილა ჩვენი უფლებების შესახებ, ვიმოქმედოთ მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ რაიონში, თუ ვინმე ჩვენს ინტერესებსა და საკუთრებას ხელყოფს“.
შეგახსენებთ, ენდი ბერნემმა განაცხადა: „დიდი ბრიტანეთი აკეთებს იმას, რასაც დიდი ხნის წინ დაპირდა - 100%-ით უჭერს მხარს უკრაინას ვლადიმირ პუტინის მიერ წარმოებულ ამ უკანონო ომში“.
როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, უკრაინამ რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმების განხორციელება ბრიტანული წარმოების დრონების გამოყენებით დაიწყო.
The Times-ის ინფორმაციით, მათ შორის არის რეაქტიული დრონი Nyan, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტი ცდიდა, ასევე კიდევ ერთი ბრიტანული დრონი, რომლის მწარმოებლის ვინაობა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ სახელდება.
გამოცემის ცნობით, ბრიტანული დრონები გამოიყენეს მოსკოვის მახლობლად, იაროსლავლსა და ვოლგოგრადში მდებარე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე თავდასხმებისთვის. დრონი Nyan ასევე გამოიყენეს ბელგოროდის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე დარტყმისთვის.
ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დიდი ბრიტანეთი პასუხს აგებს. რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში აღნიშნა, რომ „გაერთიანებული სამეფო სისხლიანი დანაშაულებისა და ტერორისტული აქტების თანამონაწილე და ხელშემწყობი“ გახდა და გააფრთხილა, რომ „ლონდონის ქმედებებს გარდაუვლად მოჰყვება შედეგები, რომლებზეც მას პასუხისგება მოუწევს“.