თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საუბრისას მან ხაზი გაუსვა ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის მოსაგვარებლად დიპლომატიური საშუალებების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე უკიდურესად მნიშვნელოვანია დიპლომატიის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. მან აღნიშნა, რომ იმედოვნებენ მოლაპარაკებების გაგრძელებას და რომ თურქეთი მომავალშიც მხარს დაუჭერს სამშვიდობო ძალისხმევას“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის, პაკისტანისა და საუდის არაბეთის მიერ თავდაცვის შესახებ ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერამ რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში მტკიცე პოზიცია წარმოაჩინა.
პრეზიდენტებმა ცალკე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარებაც. ერდოღანმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მხარეები ღაზაში სამშვიდობო პროცესის მეორე ეტაპზე გადასვლას ცდილობენ, ისრაელის ხელისუფლების მხრიდან პალესტინელების წინააღმდეგ მოქმედებების ესკალაცია შეინიშნება.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც მხარს დაუჭერს რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და ღაზის აღდგენისკენ მიმართულ ნაბიჯებს.