თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარს არ ამბობს, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის პრიორიტეტებში აღარ შედის.
ერდოღანის თქმით, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კარი არ დაუხურავს, თუმცა ეს საკითხი ამჟამად პრიორიტეტული აღარ არის.
„ევროკავშირი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის“, - განაცხადა ერდოღანმა.
ბოლო პერიოდში თურქეთის ხელისუფლება განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი გახდა ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო. მათ შორის, ერდოღანის პოლიტიკური კონკურენტის და სტამბოლის ყოფილი მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გამო.
იმამოღლუს წინააღმდეგ გახმაურებული სასამართლო პროცესი, რომელსაც დიდი ყურადღება ექცევა, ორშაბათს სტამბოლის სილივრის რაიონში მდებარე სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. მას, მათ შორის, კორუფციას, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას ედავებიან.
თურქეთის ოპოზიცია იმამოღლუს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ერდოღანს სასამართლო სისტემის გამოყენებით მისი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური კონკურენტის ჩამოშორების მცდელობაში ადანაშაულებს.