პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე კვლავ აქტუალურია და პოლონეთმა მის შესაკავებლად მზადყოფნა უნდა შეინარჩუნოს. მისი თქმით, ქვეყნის ისტორიული გამოცდილება ვარშავას თანამედროვე რისკების სწორად შეფასებაში ეხმარება.
ამის შესახებ ნავროცკიმ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე ულაპარაკა. აღლუმის დროს, პოლონეთის ლიდერებმა ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელეს.
„საფრთხე არ გამქრალა და ის კვლავ ნეოიმპერიული რუსეთის ფედერაციიდან მოდის. 106 წლის წინ მას ბოლშევიკების სახე ჰქონდა. დღეს შეგვიძლია გავიხსენოთ გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვები და პერიფრაზით შეგვიძლია, ვთქვათ: ერთ დროს საქართველო, დღეს უკრაინა, ხვალ შესაძლოა ბალტიის ქვეყნები და ჩემი სამშობლო, პოლონეთი, ხოლო ერთ დღეს შესაძლოა ბერლინი, პარიზი და მთელი დასავლეთ ევროპა.
ამიტომ დღეს, ევროპის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და პოლონელი ჯარისკაცების წინაშე პასუხისმგებლობის გამო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა 21-ე საუკუნეში ვარშავის ბრძოლა ომის გარეშე მოვიგოთ“, — განაცხადა ნავროცკიმ.