იტალიის სამართალდამცველებმა ფრანგი მხატვრების - პოლ სეზანის, პიერ-ოგიუსტ რენუარისა და ანრი მატისის სამი მოპარული ნამუშევარი იპოვეს. ნახატები 2026 წლის მარტში, პარმასთან მდებარე Magnani Rocca Foundation-ის მუზეუმიდან მოიპარეს. მათი საერთო ღირებულება 9 მილიონ ევროზე მეტია. იუწყება Reuters
იტალიური კარაბინიერების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა ნამუშევრები პარმაში, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. ქურდობის საქმეზე მოლდოვის ცხრა მოქალაქე იძებნება, ხოლო ხუთი ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მოპარულ ნამუშევრებს შორისაა სეზანის „ალუბლების ფინჯანი და თეფში“, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 6 მილიონ ევროდ არის შეფასებული, რენუარის „თევზები“ - დაახლოებით 3 მილიონი ევროდ ფასდება და მატისის „ოდალისკა ტერასაზე“, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20 ათასი ევროა.
ქურდობა 22-23 მარტის ღამეს მოხდა. პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ შედიან ნიღბიანი მძარცველები მუზეუმში, კედლიდან სამივე ნამუშევარს ხსნიან და სამ წუთზე ნაკლებ დროში ტოვებენ შენობას.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დატოვებული ნივთების კვალიც შეისწავლეს, რამაც ისინი ერთ-ერთ ეჭვმიტანილამდე მიიყვანა.