სამართალდამცველების ინფორმაციით, პარასკევს მიჩიგანში მომხდარი სროლების სერიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით კი მკვლელობებში ეჭვმიტანილი, 39 წლის ჩედ ჰიკმანი, გარდაცვლილი იპოვეს. კიდევ ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას The Associated Press ავრცელებს.
სროლები ორ სახლში და ტყიან ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციამ თავდაპირველად მისკიკის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სახლში სამი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი ადამიანი აღმოაჩინა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის ინფორმაციით, ჰიკმანი სამართალდამცველების მისვლამდე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო. ძებნისას პოლიციამ სხვა სახლში კიდევ ერთი გარდაცვლილი აღმოაჩინა.
მოგვიანებით სამართალდამცველებმა ჰიკმანის ავტომობილი უიტლოკის ტბასთან, ტყიან ტერიტორიაზე იპოვეს. იქვე აღმოაჩინეს თავად ჰიკმანისა და კიდევ ერთი ადამიანის ცხედრები.
პოლიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ სროლის ფაქტს იძიებდა, თუმცა არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რა ვითარებაში დაიღუპნენ მსხვერპლები და იყვნენ თუ არა ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული.
პოლიცია სროლის ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს და მოსახლეობას შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა სახელები და ასაკი მათი ოჯახის წევრების ინფორმირებამდე არ გასაჯაროვდება.