ორენბურგის ოლქის ხელისუფლება საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას იწყებს, რათა საგანგებო სამსახურების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში შენარჩუნდეს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ევგენი სოლნცევმა განაცხადა.
12 აგვისტოს 12:00 საათიდან ოლქის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავს ავტომობილების ლუწი და კენტი სახელმწიფო ნომრების მიხედვით გაყიდიან. ასევე აიკრძალება საწვავის კანისტრებში ჩასხმა და ერთ მომხმარებელზე გასაცემი საწვავის მოცულობა შეიზღუდება.
სამშაბათს სოლნცევმა განაცხადა, რომ „უპილოტო აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად“ რეგიონის ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა. უკრაინის გენშტაბმა დააკონკრეტა, რომ საუბარი იყო ქალაქ ორსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზზე“, სადაც დრონების დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების გამო საწვავის დეფიციტმა რუსეთის ათობით რეგიონი მოიცვა.
ერთი დღით ადრე საწვავთან დაკავშირებით შექმნილ რთულ ვითარებაზე ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმაც ისაუბრა. მან რეგიონის მოსახლეობას მოუწოდა, მგზავრობები შეემცირებინათ და „ავზი ბოლომდე 10 ლიტრით ნაკლები შეევსოთ“.
მედია წერდა, რომ გასული კვირის ბოლოს რეგიონში, სადაც საწვავის გაყიდვაზე დაწესებული შეზღუდვები მანამდე უკვე გააუქმეს, ავტოგასამართ სადგურებთან კვლავ რიგები გაჩნდა,