აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელიც ომანის ყურის გავლით ირანისკენ მიემართებოდა და აშშ-ის მიერ დაწესებული ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალების MH-60 ტიპის ვერტმფრენმა გემ Vela Nova-ს სამანქანო განყოფილებას ორი „ჰელფაირის“ რაკეტა ესროლა. სამხედროების თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გემის სამოქალაქო ეკიპაჟმა აშშ-ის ძალების არაერთ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია.
„გემი ირანისკენ აღარ მიემართება და აშშ-ის ბლოკადას, რომელიც სრულად ძალაში რჩება, ვეღარ დაარღვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკელ სამხედროებს გემზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. სხვა ცნობებით, გემზე მყოფი 17-ვე ადამიანი უსაფრთხოდ იყო.