10 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, ნიჟნეკამსკში მდებარე „ტანეკოს“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, დარტყმის შედეგები ზუსტდება.
გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმები განახორციელეს ლუჰანსკის ოლქის ხრუსტალნიში რუსეთის ძალების სარემონტო დანაყოფზე, ნოვოსელიდოვკაში სამხედრო-მატერიალური საშუალებების საწყობზე და დონეცკის ოლქის ბოევოეში საველე საარტილერიო საწყობზე.
გენშტაბმა ასევე დააზუსტა წინა დარტყმების შედეგები. 8 აგვისტოს კრასნოდარის მხარეში მდებარე „ილსკის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების АВТ-6 დანადგარის დაზიანება დადასტურდა.
3 აგვისტოს ოკუპირებულ ყირიმში, „გვარდეისკოეს“ აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგად განადგურდა საავიაციო საწვავის ცხრა ჰორიზონტალური რეზერვუარი და დაზიანდა საავიაციო ტექნიკის ორი ანგარი.
„უკრაინის თავდაცვის ძალები მომავალშიც სისტემატურად განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შეწყვეტისკენ იქნება მიმართული“, - აღნიშნულია განცახდებაში.