ტაიფუნმა „დელფინი“ ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწია. წყალდიდობისა და მეწყრების საფრთხის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს გემებიც, შეიზღუდა საბორნე მიმოსვლა, შეჩერდა საზღვაო სამშენებლო პროექტები და გაუქმდა დაახლოებით 1 500 ავიარეისი.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
„ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სატრანსპორტო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეფერხდა, ხოლო 1 მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარი სახლებიდან იქნა ევაკუირებული“, - ნათქვამია ჩინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში.
მეზობელ ჩჟეცზიანის პროვინციაში, ვენჩჟოუს ქალაქში, 900 000-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილებში და 1 000-ზე მეტი თავშესაფარი გაიხსნა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ფუძიანის პროვინციაში ხელისუფლებამ მაღალი რისკის ზონებიდან 98 900 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობის დონე მესამე საფეხურამდე გაიზარდა. ჩჟეცზიანმა, შანხაიმ და ძიანსუმ ასევე საფრთხის მესამე დონე გამოაცხადეს.
ფუძიანის საზღვაო უწყებების განცხადებით, 55 სანაპირო სამგზავრო საბორნე მარშრუტის მუშაობა შეჩერდა, ასევე შეჩერდა 115 საზღვაო სამშენებლო პროექტი და 290 სამშენებლო გემი უსაფრთხო წყლებში გადაიყვანეს.
შანხაის იანგშანის პორტმა კი 500-ზე მეტი გემი თავშესაფარში გადაიყვანა.
ქეყბის წყლის რესურსების სამინისტრომ განაცხადა, რომ ესაძლოა ძლიერი წყალდიდობა მოხდეს. ხელისუფლებამ ჩჟეცზიანის პროვინციის ზოგიერთ ნაწილში სტიქიური უბედურებების მაღალი რისკის შესახებ გააფრთხილა.
Reuters-ის ინფორმაციით, ტაიფუნი „დელფინი“, რომელიც ჩინეთში წელს ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონია, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს 9 აგვისტოს მიაღწია. მან ძლიერი ქარი და თავსხმა წვიმები გამოიწვია და წყალდიდობისა და მეწყრების საფრთხე შექმნა. ქარის მაქსიმალური სიჩქარე 151 კმ/სთ-ს აღწევს, რაც საფირ-სიმპსონის შკალით პირველი კატეგორიის ქარიშხალს შეესაბამება.
პროგნოზის მიხედვით, ხმელეთზე გადასვლის შემდეგ „დელფინი“ დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მოძრაობას შეანელებს და თანდათან დაკარგავს ძალას.