კალიფორნიაში, ტრამპის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე, 38 წლის შეიარაღებული კაცი დააკავეს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილ ღონისძიებამდე უსაფრთხოების ზომებს აკვირდებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა მიეღო.
ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის ცნობით, 2 აგვისტოს, კვირას, ფედერალურმა აგენტებმა სამოქალაქო ტანსაცმელში შენიშნეს ჟანინ ჯონ ტაელე, რომელიც რანჩო-პალოს-ვერდესის გოლფ-კლუბის ავტოსადგომზე ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და დაცვის მოქმედებებს აკვირდებოდა.
დაკავებისას შერიფის დამხმარეებმა ეჭვმიტანილს ჯიბეში აღმოუჩინეს 16 ვაზნაზე გათვლილი მჭიდი, ხოლო მის ავტომობილში დატენილი პისტოლეტი და კიდევ ერთი დატენილი მჭიდი.
მეორე დღეს ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის გამომძიებლებმა და FBI-ის აგენტებმა სამხრეთ კალიფორნიაში, ქალაქ დაუნიში, დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, იქ აღმოაჩინეს დამატებითი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ჯავშანჟილეტი, რამდენიმე ბლოკნოტი „შემაშფოთებელი ჩანაწერებით“ და ორი რადიოსიგნალის მოწყობილობა.
ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, საქმე საოლქო პროკურატურას გადაეცა. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის არსებული რეალური და მიმდინარე საფრთხე არ გამოვლენილა.
ცნობილია, რომ ტრამპი ლოს-ანჯელესში ჩავიდა რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის ვახშამზე, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ გოლფ-კლუბში გაიმართა.