საბერძნეთში, ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციის დროს ერთმანეთს ორი სახანძრო ვერტმფრენი შეეჯახა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა Kathimerini იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, Bell-ის ტიპის ორი სახანძრო ვერტმფრენის ოთხი ეკიპაჟის წევრიდან ორი დაიღუპა. შეჯახება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ფსატის რაიონში, მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გადარჩნენ საბერძნეთის და ბრიტანეთის მოქალაქეები, ხოლო დაღუპულებს შორის ერთი საბერძნეთისა და ერთი დანიის მოქალაქეა.
მანამდე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ორი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით, ხოლო ორი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.
ათენის დასავლეთით მდებარე ქალაქ მეგარასთან კვირას მასშტაბური ტყის ხანძრების გამო ინდუსტრიული პარკიდან და რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. 10 ათასზე მეტი ჰექტარი ტყე და ათობით სახლი დაიწვა.
უკვე მესამე დღეა, 500-ზე მეტი მეხანძრე ცეცხლის ლოკალიზებას ექსტრემალური ქარის პირობებში ცდილობს.