უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1 აგვისტოს ღამით Patriot-ის რაკეტების დეფიციტის გამო უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 27 ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ ერთის ჩამოგდება შეძლეს. მან პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი დამატებითი საშუალებები გადასცენ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 35 რაკეტა გაუშვა, მათგან 27 ბალისტიკური იყო, ასევე გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 185 დამრტყმელი დრონი.
„მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა დარტყმები განხორციელდა დნიპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებზეც. დღეს ღამით მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება შევძელით, რადგან Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები აღარ გვაქვს“, - დაწერა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი საშუალებების დეფიციტი რუსეთს მსგავსი თავდასხმების გაგრძელებისკენ უბიძგებს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა გაიგონ: ეს საშუალებები სადღაც საწყობებში, შესაძლო სცენარებისთვის არ არის საჭირო - ისინი აქ და ახლა გვჭირდება, რათა უკრაინაში რუსეთის ომი შევაკავოთ და შევაჩეროთ. სარაკეტო თავდაცვის ყოველი ახალი პაკეტი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს გადაარჩენს, ხოლო ყოველი ღამე, როდესაც ასეთი საშუალებები არ გვაქვს, ახალ მსხვერპლს იწვევს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს ღამით რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტითა და 185 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს იერიში. თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევის ოლქი იყო. კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა.