უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა 31 ივლისის ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და საზღვაო ტერმინალს დაარტყეს.
„ვაგრძელებთ ჩვენს ღრმა და საშუალო სიღრმის დარტყმებს რუსეთის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებიც რუსეთის აგრესიას ემსახურება… კერძოდ, დღეს ჩატარდა შესაბამისი ოპერაცია რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე სამ ლოგისტიკურ ცენტრზე: სარაპულში, ყაზანსა და ვოლგოგრადში, დაახლოებით 500-დან თითქმის 1300 კილომეტრამდე მანძილზე.“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე შეძლეს რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე საზღვაო ტერმინალზე და რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის განხორციელება.
გარდა ამისა, დაფიქსირდა დარტყმები აზოვის ზღვის აკვატორიაშიც.
„ჩვენი დარტყმები შორი მოქმედების სანქციების გეგმის ფარგლებში ყოველთვის სამართლიანი საპასუხო ზომებია, რათა რუსეთის სამხედრო მანქანამ საკუთარი რესურსები დაკარგოს… ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს და გავაგრძელებთ მოქმედებას ისე, როგორც ეს მშვიდობის მისაღწევად არის აუცილებელი“, - თქვა ზელენსკიმ.
31 ივლისის ღამეს დრონებმა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს და „ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
ასევე, სავარაუდო დრონებით თავდასხმის შემდეგ კვამლი დაფიქსირდა თათრეთში, ზელენოდოლსკში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ კომპლექსზეც.