პოლონეთმა ოფიციალურად დაადგინა რაკეტის ტიპი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და ლუბლინის სავოევოდოში ჩავარდა. როგორც ირკვევა, ეს იყო Х-101-ის ფრთოსანი რაკეტა.
ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა განაცხადა.
მისი თქმით, Х-101 არის ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ქობინის, მათ შორის ბირთვული ქობინის, ტარება შეუძლია. პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ რაკეტა მიწასთან შეჯახებისას აფეთქდა.
ტომჩიკის განცხადებით, რუსეთის მიერ დაბომბვის დროს, დაახლოებით 03:00 საათზე, პოლონეთის საზღვრის მიმართულებით დაახლოებით 20 რაკეტა მოძრაობდა. საერთო ჯამში, რუსმა ოკუპანტებმა 70 რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის დასავლეთისკენ მიმართულ სამიზნეთა უმრავლესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
როგორც გაირკვა, ერთ-ერთ რაკეტას უკრაინის შეიარაღებული ძალების პილოტი მისდევდა, თუმცა პოლონეთის საზღვრამდე 20 წამით ადრე მან დევნა შეწყვიტა. ტომჩიკის თქმით, უკრაინულ თვითმფრინავს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესვლა ნებართვის გარეშე არ შეეძლო, რადგან ის პოლონურ F-16-ებს, შესაძლოა, არასწორად აღექვათ.
ტომჩიკის განცხადებით, პოლონელი სამხედროები რუსეთის თავდასხმის მიმდინარეობას თავიდანვე აკვირდებოდნენ და საზღვართან არსებულ ვითარებას აკონტროლებდნენ.
„ეს იყო უკრაინაზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა. ომის დაწყებიდან ჩვენ რამდენიმე ასეულ ობიექტს ვაკვირდებოდით, ძირითადად. დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს. ჩვეულებრივ, რუსები 10-20 რაკეტით ახორციელებენ დარტყმებს, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი იყო დაახლოებით 70 რაკეტაზე, საიდანაც დაახლოებით 03:00 საათზე (პოლონეთის დროით) 20 რაკეტა პოლონეთის მიმართულებით მიფრინავდა“, - განაცხადა მან.