მედიის ცნობით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაულინა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა, რომ უკრაინამ ვარშავას „კონკრეტული წინადადება“ გადასცა, რომელიც მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების დრონებზე გაცვლას ითვალისწინებს.
სობკოვიაკ-ჩარნეცკას თქმით, უკრაინის შეთავაზება ასეთია - პოლონეთმა გადასცეს გამანადგურებლები, სანაცვლოდ კი უკრაინამ დრონები მიაწოდოს.
მისივე განცხადებით, პოლონეთის მთავრობა ამ ეტაპზე არ განიხილავს სცენარს, რომლის მიხედვითაც ვარშავა ამ გამანადგურებლების მოდერნიზაციას დააფინანსებს.
„უკრაინის კონკრეტული პასუხი იმის შესახებ, თუ რა ტიპის დრონების მოწოდება შეუძლიათ მათ მიგ-ის თვითმფრინავების სანაცვლოდ, უკვე რამდენიმე დღეა მაგიდაზე დევს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მას ასევე ჰკითხეს, რატომ არ ყიდის პოლონეთი მიგ-29-ის გამანადგურებლებს ბულგარეთისთვის, რომელსაც ამ საკითხის მიმართ ინტერესი აქვს.
სობკოვიაკ-ჩარნეცკამ აღნიშნა, რომ ამ თვითმფრინავების შეძენაზე მოლაპარაკებები თავდაპირველად სწორედ უკრაინასთან დაიწყო.
მისი თქმით, წინადადების განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში მიიღებს.
ამასთან, სობკოვიაკ-ჩარნეცკამ აღნიშნა, რომ ეს ვითარება დიდხანს არ გაგრძელდება და საუბარია „მაქსიმუმ რამდენიმე კვირაზე“.