უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, რუსეთში მდებარე რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. Reuters-ის ინფორმაციით, საწარმოს გაჩერება, სავარაუდოდ, დაახლოებით ორ კვირას გასტანს.
სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა ოთხშაბათს შეწყვიტა და მისი ამოქმედება დაახლოებით ორი კვირის შემდეგ არის მოსალოდნელი.
დარგის წარმომადგენლების განმარტებით, ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაუგეგმავი გაჩერების შემდეგ მათი ხელახლა ამუშავება ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს. ეს მოიცავს პირველადი და მეორადი გადამამუშავებელი დანადგარების ეტაპობრივ გაშვებას, ტექნოლოგიური პროცესების ხელახალ გამართვას და საწვავის ხარისხის აუცილებელი პარამეტრების აღდგენას.
Reuters-ის ცნობით, 2024 წელს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 13,1 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშავა, რაც რუსეთის მთლიანი ნავთობგადამუშავების დაახლოებით 4,9%-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში ქარხანამ აწარმოა 2,2 მილიონი ტონა ბენზინი, 3,4 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 4,3 მილიონი ტონა მაზუთი.