მამუკა მდინარაძეს დაათრევენ სამინისტროდან სამინისტროში და ვეღარ გაიგეს, სად უნდა დადონ ეს კაცი რეალურად. სასაცილო და დასაცინი იქნებოდა, ტრაგიკული რომ არ იყოს, ოღონდ მდინარაძისთვის კი არა, საქართველოს მოქალაქეებისთვის, -ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის გაუქმებასა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მდინარაძის მოშორების სპეცოპერაცია.
"დაათრევენ სამინისტროდან სამინისტროში და ვეღარ გაიგეს, სად უნდა დადონ ეს კაცი რეალურად. სასაცილო და დასაცინი იქნებოდა, ტრაგიკული რომ არ იყოს, ოღონდ მდინარაძისთვის კი არა, საქართველოს მოქალაქეებისთვის. მამუკა მდინარაძის აქეთ-იქით თრევა რეალურად საქართველოს მოქალაქეებს ძვირი უჯდებათ. ეს გაუგებარი სამინისტრო რომ შექმნეს, ის სამინისტრო უნდა აფინანსონ, მანამდე კიდევ რაღაც სამინისტრო და მდინარაძის ხელფასი იყო დასაფინანსებელი და მისი აპარატი. ალბათ, გახსოვთ გრიგოლ ლილუაშვილი რომ მოხსნეს, მასაც ზუსტად მსგავსი ტიპის სამინისტროს უხსნიდნენ და მერე ერთ თვეში რუსთავის ციხეს გაუყოლეს. ამიტომაც, ჩემი აზრით, მამუკა მდინარაძეს თავს რაღაც კარგი არ უნდა ხდებოდეს და დარწმუნებული ვარ, ასეც უყურებს ამას", - განუცხადა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს.