პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის ფონზე პოლონეთის საჰაერო თავდაცვამ „უკიდურესად მძიმე ღამე“ გადაიტანა, ამასთან, პოლონეთის ტერიტორიაზე, მინდორში, უცნობი ობიექტი ჩამოვარდა.
ამის შესახებ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„უკიდურესად მძიმე ღამე იყო ჩვენი საჰაერო თავდაცვისთვის, სადამკვირვებლო და საფრთხეების აღმოჩენის სისტემებისთვის. მადლობას ვუხდი გენერალ ნოვაკს და პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობას, ასევე ყველას, ვინც დღეს უკრაინის თავზე და ჩვენს საჰაერო სივრცეში განვითარებულ მოვლენებს კოორდინაციას უწევდა, აკვირდებოდა, აანალიზებდა და რეაგირებდა,“ - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ინფორმაცია ოპერატიულად გადაეცემოდა და კოორდინირდებოდა შესაბამის სამსახურებთან, ასევე ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან.
„ახლა მიმდინარეობს გარკვევა, თუ კონკრეტულად რა ობიექტი ჩამოვარდა დასახლება ტარნავა-კოლიას მიმდებარედ,“ - დასძინა კოსინიაკ-კამიშმა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ 30 ივლისს დილით განაცხადა, რომ ღამით, უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, უცნობი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და მოგვიანებით რადარებიდან გაქრა.
ლუბლინის ვოევოდობის ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ გაიგონეს აფეთქებების ხმები და მინდორში კრატერი შენიშნეს. აღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე ვოევოდობაში ასევე ჩაირთო საჰაერო განგაშის სიგნალები.
პოლიციამ დაადასტურა, რომ უცნობი ობიექტის ჩამოვარდნის ადგილზე ნამსხვრევები აღმოაჩინეს.