უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი აცხადებს, რომ მზად არის თავდაცვის სამინისტროში დაბრუნდეს, თუ შესაბამის შეთავაზებას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკეთებს.
ამის შესახებ ფედოროვმა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას, თუ ამას ზელენსკი შესთავაზებდა, ფედოროვმა უპასუხა:
„100%-ით. რა უნდა ვუთხრა არა საკუთარ თავს და ან პრეზიდენტს, არამედ აქტიურ საზოგადოებას, რომელმაც თავისი პოზიცია გამოხატა? ამ სიტუაციის გამო გაბრაზება არ გამოვა. კიდევ ერთხელ მინდა, ადამიანებმა გაიგონ, რომ ჩემი მიზანი სამსახურის პოვნა არ არის. ძალიან მშვიდად მივიღე ის, რომ მთავრობაში აღარ ვარ. ყველაფერი რიგზეა. არანაირი თანამდებობა არ მჭირდება.
ჩემი დასაქმება ნამდვილად არავის სჭირდება. მაგრამ თუ მთავრობაში დავბრუნდები, იმ მისიის გათვალისწინებით, რომელსაც ვხედავ, საჭიროა თანამდებობა, რომელსაც რეალური ფუნქცია ექნება. ეს არის თავდაცვის სამინისტრო. მესმის ყველა გამოწვევა, რომელიც წინ გველოდება, და ამისთვის სრულიად მზად ვარ. თუ არა, ამ მიზნის მისაღწევად სხვა გზებიც არსებობს,“ - თქვა მან.
16-დან 29 ივლისის ჩათვლით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომელთა მონაწილეები მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას მოითხოვდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მიხაილო ფედოროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოლექსანდრ სირსკი ვერ ახერხებდნენ ეფექტიან თანამშრომლობას, ხოლო ფრონტზე არსებული პრობლემები, ბრიგადებთან დაკავშირებული საკითხები და მობილიზაციის გამოწვევები გადაუჭრელი რჩებოდა.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან ექვსი დღის შემდეგ ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა.