უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის სენატის ორივე პარტიის 60-ზე მეტ წარმომადგენელს შეხვდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს ვაშინგტონში სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებთან მასშტაბური შეხვედრა გავმართეთ, რომელსაც 60-ზე მეტი სენატორი ესწრებოდა. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, ჩვენი სამხედროების ფრონტზე მიღწეული შედეგების მაღალი შეფასებისა და იმის აღიარებისთვის, რომ უკრაინას შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს რუსეთის დარტყმებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის, სარაკეტო თავდაცვის გაძლიერება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სიმბოლურია, სწორედ იმ დღეს, როდესაც სენატორი ლინდსი გრემი დაკრძალეს, აშშ-ის სენატში გაიმართა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის პროცედურული კენჭისყრა, რომლის შემუშავებაშიც გრემს მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა.
„ჩემთვის პატივი იყო ხმის დათვლის პროცესზე დასწრება. დოკუმენტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა. ეს ლინდსი გრემის გეგმების განხორციელების პირველი ნაბიჯია და, უდავოდ, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯიც. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტრუმენტმა შედეგი გამოიღოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა 28 ივლისს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს, რომლის ავტორიც გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო.