პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს მომავალში უკრაინა დაიყოფა და მისი ტერიტორიის ნაწილი პოლონეთს გადაეცემა.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაციეი ვევიურმა X-ზე დაწერა.
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უარვყოფთ ვლსდიმირ პუტინის ცრუ სპეკულაციებს უკრაინის თითქოსდა გაყოფისა და ამ პროცესში პოლონეთის მონაწილეობის შესახებ. ეს არის მოკავშირეებს შორის დაპირისპირების პროვოცირების ცინიკური მცდელობა,“ - თქვა მან.
ვევიურმა ხაზი გაუსვა, რომ „პოლონეთს უკრაინის მიმართ არასდროს ჰქონია, არ აქვს და არც ექნება ტერიტორიული პრეტენზიები“.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია: სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის დეზინფორმაცია ვერ გადაიტანს ყურადღებას მოსკოვის სასტიკი აგრესიისგან“, დაწერა ვევიურმა.
შეგახსენებთ, პუტინმა განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან უკრაინა ამ დასავლეთ მიწებს დაკარგავს. იმას, რაც პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს ეკუთვნოდა, ადრე თუ გვიან - შეიძლება არა ხვალ, არა ზეგ, ერთ, ორ, 10 ან 15 წელიწადში, ისტორიულად ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.“