აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც სენატორი ლინდსი გრემი იყო.
ამის შესახებ CNN თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
CNN-ის ცნობით, ტრამპმა ამ კანონპროექტს მხარი სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში დაუჭირა. ტელეკომპანიის შეფასებით, ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააადვილებს იმ კანონპროექტის მიღებას, რომელზეც გრემი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და რომლის საბოლოო დამტკიცებასაც ცდილობდა.
მანამდე ლინდსი გრემმა და დემოკრატი სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზად იყო, მხარი დაეჭირა სანქციების ამ პაკეტისთვის. 10 ივლისს მათ აღნიშნეს, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს.
ამ დრომდე გაურკვეველი იყო, დაუჭერდა თუ არა კანონპროექტს პირადად ტრამპი, რადგან ის არაერთხელ აკრიტიკებდა მის ცალკეულ დებულებებს და მოითხოვდა, პრეზიდენტს უფრო ფართო უფლებამოსილება ჰქონოდა სანქციების დამოუკიდებლად დაწესებისთვის.
სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა ორშაბათს განაცხადა, რომ თეთრი სახლი ლინდსი გრემთან კანონპროექტზე მჭიდროდ თანამშრომლობდა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მიღება წარმატებით დასრულდება.
„ამისთვის საჭირო იქნება როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხარდაჭერა სენატში, თუმცა იმედი მაქვს, ამას შევძლებთ,“ - თქვა თუნმა.
თუნის განცხადებით, სიცოცხლის ბოლო დღეებში ლინდსი გრემისთვის სანქციების ეს პაკეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო და, მისი თქმით, სწორედ ეს კანონპროექტი დარჩება სენატორის ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკურ მემკვიდრეობად.
თავის მხრივ, დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში სენატის ხელმძღვანელობასთან დოკუმენტზე მუშაობის დასრულებას განიხილავს. ასევე, გრემის გარდაცვალების შემდეგ, კანონპროექტისთვის ახალი რესპუბლიკელი თანაავტორის მოძიებაც იგეგმება.
CNN-ის ინფორმაციით, კანონპროექტი დონალდ ტრამპს უფლებამოსილებას მისცემს, მაღალი ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნების იმპორტზე, რომლებიც რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ურანის შესყიდვას აგრძელებენ. ინიციატივის მიზანია, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს.