უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ (მადიარ) ბროვდიმ 12 ივლისის ღამეს აზოვის ზღვაში 14 რუსული ხომალდის დაზიანების ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის განცხადებით, ღამის განმავლობაში დაზიანდა: 10 ტანკერი და 4 ბორანი.
ბროვდის თქმით, დარტყმები აზოვის ზღვაში რუსულ საზღვაო სამიზნეებზე განხორციელდა.
ბროვდიმ ასევე განაცხადა, რომ 6-დან 12 ივლისამდე ერთი კვირის განმავლობაში უპილოტო სისტემების ძალების მებრძოლებმა აზოვის ზღვაში 90 გემი დააზიანეს - მათ შორის ტანკერები, ბუქსირები, ბორნები და მშრალი ტვირთმზიდები.
მისი თქმით, 12 ივლისის ღამეს ასევე დაზიანდა ობიექტი, რომელსაც მან „ყირიმის ჩამრთველი“ უწოდა. ბროვდიმ განაცხადა, რომ მოგვიანებით ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 ივლისსა და 12 ივლისის ღამეს რუსეთის რამდენიმე სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტზე მიიტანეს დარტყმები, მათ შორის სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, 10 ტანკერსა და 4 ბორანზე.