ირანული მედიის ცნობით, ირანის გარდაცვლილი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიებისთვის მზადება გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებებს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში თეირანში, ყუმში, მეშჰედსა და ერაყის რამდენიმე ქალაქში გაიმართება, რეგიონის არაერთი ქვეყნის ლიდერი და მაღალი რანგის დელეგაციები დაესწრებიან.
მედიის ცნობით, დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანში ჩავა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი პირველი რეგიონული ლიდერია, რომელმაც ცერემონიაზე დასწრების განზრახვა დაადასტურა.
"ირანში ასევე დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ჩასვლა, რომელიც თეირანში მაღალი დონის დელეგაციას უხელმძღვანელებს. მოსალოდნელია, რომ დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც, რომელიც ოფიციალურ დელეგაციას უხელმძღვანელებს.
ამასთან, ირანში ჩასვლას გეგმავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. გავრცელებული ინფორმაციით, კატარის დელეგაციას, სავარაუდოდ, ქვეყნის ემირი უხელმძღვანელებს, ხოლო თუ მისი გეგმები შეიცვლება, დელეგაციას კატარის პრემიერ-მინისტრი წარუძღვება.
სამხრეთ აზიიდან ირანში 3 ივლისს, პარასკევს, მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად ჩავა პაკისტანის პრემიერ-მინისტრიც. მანამდე მან პაკისტანის ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ოფიციალური მიწვევა მიიღო დაკრძალვის ცერემონიებში მონაწილეობის მისაღებად.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ფეზეშქიანიც გაემგზავრება ერაყში, სადაც დაკრძალვის პროგრამის ნაწილი გაიმართება. გეგმის მიხედვით, გარდაცვლილი ლიდერის ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ, შემდეგ კი საბოლოო დაკრძალვისთვის მეშჰედში დააბრუნებენ. ამის გამო, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირი და მომლოცველი, რომლებიც თავდაპირველად ირანში გამართულ ღონისძიებებზე დასწრებას გეგმავდნენ, მონაწილეობას ერაყში გამართულ ცერემონიებში მიიღებენ.
ოფიციალური პროგრამის მიხედვით, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4 ივლისს, დილის 06:00 საათზე, თეირანში, იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის 20:00 საათამდე გაგრძელდება. სამგლოვიარო ლოცვა 5 ივლისის დილით გაიმართება, ხოლო თეირანში, ყუმსა და ერაყში ჩატარებული ცერემონიების შემდეგ გარდაცვლილ ლიდერს 9 ივლისს, ხუთშაბათს, მეშჰედში დაკრძალავენ", - წერს ირანული მედია.