სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე, შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანასაც ცდილობდეს, – ამის შესახებ განაცხადა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
ჯაფარიძეს ჰკითხეს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აღიქვამს მას არც კონკურენტად და არც პოლიტიკურ პარტიად.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს არ სჭირდება საზოგადოებას ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება.
„სამწუხაროდ, ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე. შეიძლება, ეს არის ასევე მცდელობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს სხვაგან. ჩვენ ჩვენი ძალისხმევით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურს. ეს არის „ლელოს“ შექმნის მიზანი და მიზეზი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, „ახალი“ თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად“.