უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატი) 35-ე შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინისთვის დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფა გამოაცხადეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორების მხარდაჭერა სულ უფრო მეტად კონცენტრირდება იმ მიმართულებებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე ყველაზე ეფექტიან შედეგს იძლევა.
ფედოროვის განცხადებით, უკრაინის მთავარი პრიორიტეტები უცვლელი რჩება: PURL-ის პროგრამა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, შორი მოქმედების არტილერია და უკრაინული დრონები.
„დღეს პარტნიორებმა უკრაინისთვის 4 მილიარდი დოლარის ახალი დახმარების გამოყოფა გამოაცხადეს. მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა სულ უფრო მეტად იმ მიმართულებებზე კონცენტრირდება, რომლებიც ბრძოლის ველზე საუკეთესო შედეგს იძლევა“, - დაწერა ფედოროვმა Telegram-ში.
მისი ინფორმაციით, თითქმის 1 მილიარდი დოლარი PURL-ის მექანიზმს მოხმარდება, რომელიც უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის აუცილებელი რაკეტებით უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით ყველაზე დიდი წვლილი გერმანიას, ნორვეგიას, ნიდერლანდებსა და შვედეთს შეაქვთ. გარდა ამისა, გერმანია დამატებით 200 მილიონ დოლარს გამოყოფს JUMPSTART-ის მექანიზმისთვის, რომელიც Patriot-ის რაკეტების გრძელვადიან შესყიდვებს დააფინანსებს.
დაახლოებით 540 მილიონი დოლარი პარტნიორებმა გაზრდილი მოქმედების რადიუსის მქონე საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად გამოყვეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წვლილს ნორვეგია, დანია, ესპანეთი, ლიეტუვა და ლუქსემბურგი შეიტანენ.
ფედოროვის თქმით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი უპილოტო სისტემებში ჩაიდება. დიდი ბრიტანეთი 150 ათასი უკრაინული დრონის შესყიდვას დააფინანსებს, ნიდერლანდები - ფრთოსანი დრონ-რაკეტების მიწოდებას, ხოლო ნორვეგია საზღვაო უპილოტო სისტემების შესყიდვას დააფინანსებს.
მინისტრის განცხადებით, პარტნიორები ასევე აგრძელებენ ინვესტირებას საჰაერო თავდაცვის სისტემებში, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებში, ქვეითთა საბრძოლო მანქანებში, სასწავლო ცენტრებში და უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან შესაძლებლობებში.